რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭო უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს

lukoili

რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო უკრაინაში „შეიარაღებული კონფლიქტის“ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას forbes.ru აქვეყნებს.

კომპანია მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით ვითარების გადაწყვეტას. დირექტორთა საბჭოში შედის „ლუკოილის“ უმსხვილესი აქციონერი და ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი.

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო გამოხატავს შეშფოთებას უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო. ის ყველას თანაუგრძნობს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.