1728589908
რუსეთი უარს ამბობს მაკეევკაში დაღუპულთა სიის გამოქვეყნებაზე
რუსეთის სამარის ოლქის სამხედრო კომისარმა ალექსეი ვდოვინმა უარი თქვა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, ახალი წლის ღამით, დაღუპულთა სიის გამოქვეყნებაზე. ვდოვინმა უარი იმით ახსნა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოქვეყნების შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოეთის დაზვერვამ გამოიყენოს.
კომისრის უარს აბსურდული უწოდა მოძრაობამ „სამარა ომის წინააღმდეგ“, რომელმაც პეტიციით მოითხოვა მაკეევკაში დაღუპულთა ვინაობის გასაჯაროება. მოძრაობის ინფორმაციით, პეტიციის ხელმომწერი ათეულობით ათასი სამარელი მოითხოვს დაღუპული ჯარისკაცების სახელების გამოქვეყნებას, რათა იცოდნენ მათი ზუსტი რიცხვი. პეტიციის ინიციატორთა შეფასებით, სამარის ოლქის კომისრის აბსურდული განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხედროებს ეშინიათ ხალხისთვის სიმართლის თქმა და მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ხელისუფლება ამბობს.
ახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემებით HIMARS ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადასტურებული აქვს 89 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მაკეევკაში გაანადგურეს რუსეთის მიერ საომრად მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მობილიზებულთა შორის ბევრი სამარელი იყო.