1737285948
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა - Bellingcat
საგამოძიებო ვებგვერდი "ბელინგქეთი" წერს, რომ დელეგაციის 3 წევრი, რომელიც 3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრებოდა, აღენიშნებოდათ სიმპტომები, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამვლას ახასიათებს. ერთ-ერთი მათგანი რომან აბრამოვიჩი იყო.
მოლაპარაკების რაუნდი 3 მარტს შუადღისას დაიწყო და დაახლოებით, 22 საათამდე გაგრძელდა.
კიევში დაბრუნების შემდეგ, მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს დაეწყოთ სიმპტომები - მათ შორის, თვალისა და კანის ანთება და თვალების ძლიერი წვა. სიმპტომები მათ დილამდე ჰქონდათ.
"ბელინქგეთის" ინფორმაციით, მოლაპარაკებაში ჩართული ჯგუფი შემდეგ დღეს კიევიდან ლვოვში, შემდეგ კი - პოლონეთის გავლით სტამბოლში გაემგზავრნენ, რომ რუსულ მხარესთან არაფორმალური მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ.
"ბელინგქეთი" წერს, რომ ქიმიური იარაღის სპეციალისტის თქმით, სიმპტომები ძალიან ჰგავს ქიმიურ მოწამვლას, ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით.
კიდევ ერთი ვერსიით, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, გამოყენებული იქნა მიკროტალღური დასხივება.