როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები უკრაინაში რუსეთის შეჭრას

გამოხმაურებები

უკვე რამდენიმე დღეა, რაც უკრაინა მტრის შემოტევას იგერიებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი მხარდაჭერას თითქმის მთელი მსოფლიო ღიად უცხადებს. მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც არიან.

|დევიდ შვიმერი

სოციალურ ქსელში უკრაინას მხარდაჭერა ცნობილი სერიალის, Friends-ის მსახიობმა დევიდ შვიმერმა გამოუცხადა. მან ინსტაგრამზე ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით „აი, როგორ უნდა გაუძღვე ქვეყანას".

 

|ჯარედ ლეტო

 

„გული მწყდება, რომ კონფლიქტი ასე გამწვავდა და დამანგრეველი გზით გრძელდება. გთხოვთ ფრთხილად ამ ქაოსურ პერიოდში მუდამ უკრაინელ ხალხზე ვფიქრობ და მხარს გიჭერთ". 

 

 

|მილა იოვოვიჩი

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, რომელიც წარმოშობით კიევიდან არის, უკრაინის მხარდამჭერი ემოციური მესიჯი ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„გულგატეხილი და შეძრწუნებული ვარ მომხდარით. ვცდილობ, გავიაზრო ის, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ განვითარებულ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, დევნილად ქცეულ ოჯახებს, რომელთა მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, – წერს მსახიობი.

იოვოვიჩმა გაიხსენა მისი მამის სამშობლოს, იუგოსლავიის ომიც და ტრაგედია, რომელიც მის ოჯახს გადახდა -ტრავმები და ტერორი.

„ომი ყოველთვის ომია. სახეზე არიან ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც მშვიდობის მოტანა არ შეუძლიათ…იმპერიალიზმის უსაზღვრო ძალის მსხვერპლი კი ყოველთვის ხალხია, რომელიც მძიმე საფასურს სისხლითა და ცრემლებით იხდის”, – წერს იგი.

|ეშტონ კაჩერი

კაჩერმა Twitter-ზე შემდეგი სიტყვები დაწერა:

 „მე უკრაინის გვერდით ვდგავარ“. 

|ჰეიდენ პანტიერი

 

„პირადად ვარ მოწმე იმის, თუ როგორი ძლიერია უკრაინელი ხალხი და როგორი გულმოდგინებით იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის წლების განმავლობაში. რასაც პუტინი აკეთებს ეს არის სრული სირცხვილი. ისტორიის ეს საშინელი პერიოდი, საშინელ შეტყობინებას უგზავნის ყველას - რომ თითქოს ამ საუკუნეში, 2022 წელს, ადამიანის უფლებების დარღვევა ნორმალურია. ვლოცულობ იმ ადამიანების ოჯახებისა და მეგობრებისთვის, რომლებიც იბრძვიან. ნეტავ მეც შემეძლოს თქვენთან ერთად ბრძოლა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ახლა არ გაქვთ შესაძლებლობა რომ უკრაინელ ხალხთან ერთად მხარდამხარ იბრძოლოთ - თვალი მიადევნეთ ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და მხარი დაუჭირეთ დემოკრატიას". 

|სტივენ კინგი

„უმეტესობა ჩვენგანმა ბავშვობაში, სათამაშო მოედანზე, ერთი რამ ვისწავლეთ: განზე არ უნდა დადგე, როცა დიდი ტიპი პატარას სცემს. შეიძლება მის შესაჩერებლად ერთი-ორი მუშტიც დაგჭირდეს, მაგრამ ეს გამართლებულია".

|Cardi B

„ნეტავ, მსოფლიო ლიდერები ძალაუფლებისკენ სწრაფვას შეეშვან და მათზე (მოქალაქეებზე) იფიქრონ, ვისზეც ეს გავლენას ახდენს — ამას გარდა, მთელი მსოფლიო კრიზისში ექცევა. ომი, სანქციები და სხვა ქვეყანაში შეჭრა ლიდერების უკანასკნელი სადარდებელი უნდა იყოს".