რატომ არსებობენ სკეპტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც ყოყმანობენ, უნდა დაუშვან თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება? - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით  გამოვიდა. როგორც მან გამოსვლაში განაცხადა, თუკი ევროპელების უმეტესობა უკრაინას თავიანთი ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, რატომ არიან ევროპაში სკეპტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით ყოყმანობენ.

„დემოკრატია არის ყოველთვის სიტყვების პატივისცემა, საერთაშორისო სამართალი ასევე არის სიტყვების პატივისცემა, თუმცა ისინი მუშაობს და აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც გამყარებულია ქმედებებით, როდესაც სიტყვა ნიშნავს ქმედებას. თუკი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელების 71 პროცენტი უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, რატომ არსებობენ ამ დრომდე სკეპტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც ყოყმანობენ, უნდა დაუშვან თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება?”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, უახლოეს კვირებში ევროკავშირმა შესაძლოა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც დაადასტურებს, რომ განცხადებები, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, არ არის ცარიელი სიტყვები.

„ჩვენ უნდა მოვაშოროთ ეს ნაცრისფერი ზონა, რომელიც ასეთი მიმზიდველია რუსეთის სახელმწიფოსთვის. ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედებებზე, რომ უკრაინა გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უახლოეს კვირებსა და დღეებში ევროკავშირმა შეიძლება, ისტორიული ნაბიჯი გადადგას, რომელიც დაამტკიცებს ამ სიტყვებს, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული ოჯახის კუთვნილება არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.