წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში განახლდა რუსეთის არმიის პოზიციებიდან დაბომბვები. ბოლო იერიშს, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსეთის არმია დამიზნებით ესროდა საცხოვრებელ სახლებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ „აზოვსტალი“ დაიკავა, ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩებიან „აზოვის“ პოლკის მებრძოლები. ამის შესახებ გუშინ გავრცელებულ მიმართვაში პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები ომის 85-ე დღეს უკრაინაში - დეტალებს “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროსი მკვლევარი, გიორგი კობერიძე გვიზიარებს
„- რუსეთის გენშტაბმა თანამდებობიდან გადააყენა სერგეი კისელი ელიტური სატანკო ნაწილების ხელმძღვანელი, რომელსაც ხარკივის აღება ჰქონდა ჩაბარებული. მან არათუ ვერ მოახერხა ეს, არამედ განკარგულებაში არსებული სამხედროების 40% დაკარგა. რუსეთის არმიაში კიდევ ერთი წმენდაა დაწყებული. ამჯერადაც ყველა ერთმანეთს აბრალებს წარუმატებლობას. გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვის - ომამდე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად წარმოჩენილი - პოზიციები საკმაოდ დასუსტებულია უშუალოდ კრემლის შიგნით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც იგი უშუალოდ იყო ჩასული იზიუმის მიმართულებით რა დროსაც უკრაინელებმა სამხედრო ძალების სარდლობაზე მიიტანეს საარტილერიო იერიში და ნაცვლად სიტუაციის გამოსწორებისა, მდგომარეობა გაუუარესდათ.
- დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა ხარკივის შემოგარენში. უკან დახეული და საზღვართან მიმწყვდეული რუსი სამხედროების დასახმარებლად დამატებითი ნაწილები რუსეთის ტერიტორიიდან იქნა შეყვანილი. რუსების კონტრშეტევა სამი მიმართულებით გაიშალა:
1. რუსებმა შეძლეს და ახლად გათავისუფლებულ საზღვრისპირა დასახლება ტერნოვაში შევიდნენ. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში პატარა ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა. საღამოს უკრაინელების დამხმარე ძალებიც შევიდნენ ქალაქში. საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება.
2. რუსები სასოფლო დასახლებათა ჯგუფის, ტიშკის მიმართულებით გაჭრას შეეცადნენ, თუმცა უკრაინელები უშალოდ რუსების მანამდე კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ შეტევაზე და სოფელ ბორშოვასთან რუსების კოლონა გაანადგურეს. რუსული შეტევის ძირითადი ბირთვი სწორედ აქეთ იყო მომართული.
3. დემენტივკა M-20 ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე სოფელია. რუსებმა მისი დაკავება სცადეს, თუმცა უკრაინელებმა მოიგერიეს შეტევა და კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
უცნობია სიტუაცია მდინარე სივერსკი დონეცის გადალახული უკრაინული ნაწილების მიმართულებით. მათ სტარი სალტივის გაღმა ზარიჩნე და მეტალივკა ორი დღეა დაიკავეს და გუშინ ვოვჩანსკის გზაზე ცდილობდნენ გასვლას. დღეის მდგომარეობით სიახლე არაფერია.
- პოპასნაიადან დასავლეთით გაჭრილმა რუსებმა მიაღწიეს ლუგანსკის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს და გადალახეს კიდეც იგი. ახლა ძალიან რთული ფაზა იწყება ამ მიმართულებით - დასავლეთით პატარა ქალაქ ბახმუტამდე არც ბუნებრივი და არც ურბანული წინააღმდეგობის ცენტრი აღარ არსებობს. უკრაინელები ძალიან ორგანიზებულად იხევენ უკან, მაგრამ რუსული არტილერია ბოლო 24 საათია მთელ ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებს ინტენსიურად ბომბავს, რაც ორივე რაიონში სიტუაციას ართულებს.
- ლუგანსკის რაიონშივე უკრაინული ქალაქი სევეროდონეცკი მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა. ამასთან, რუსების მხრიდან ქალაქის სამხრეთით ტოშკივკას აღების მესამე მცდელობა ჩავარდა, მაგრამ უკრაინელებს პოზიციების შენარჩუნება უჭირთ.
- რუსების მხრიდან მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია მიმდინარეობს დონეცკის რაიონში ავდიივკასა და მარიინკას დასაკავებლად. ორივე ქალაქი საკვანძოა რუსული შემტევი ძალების გამოსაფიტად. უკრაინელების პოზიციები ძალიან კარგადაა გამაგრებული, მაგრამ მარიინკას შემთხვევაში მარიუპოლიდან გამოთავისუფლებული რუსული ნაწილების ამ მიმართულებით გადმოსროლის შანსი არსებობს.
- ძალიან დაიკლო რუსულმა შეტევამ სამხრეთით, ზაპორიჟიას ოლქში. პრაქტიკულად აღარანაირი ინტენსიური შეტაკება აღარ ყოფილა ბოლო სამი დღის განმავლობაში. მხოლოდ უკრაინული არტილერია მუშაობს ხერსონისა და მელიტოპოლის წინააღმდეგ. ამასთან ამ უკანასკნელში, უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობა დღითიდღე იშლება. ბოლო დღეებია ფარული თავდასხმები რუსულ პოზიციებსა და კოლაბორაციონისტებზე მნიშვნელოვნად მოიმატა.
- აზოვსტალიდან სვიატოსლავ პალამარის - აზოვის ერთ-ერთი ლიდერის - ვიდეო მიმართვა გავრცელდა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია და რომ მას დეტალებზე საუბარი არ სურს. და დაამშვიდა საზოგადოება.
- 29 აპრილს რუსებმა დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს თანამედროვე სამხედრო თანამგზავრი Космос-2555. ზოგადად მსგავსი მით უფრო განახლებული თანამგზავრები საშიშია სადაზვერვო თუ საჰაერო მანევრებისას და სხვა ოპერაციების შესრულებისას. რაკეტას, რომელმაც თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა Z სიმბოლო ეხატა. ბოლო 24 საათში თანამგზავრმა კონტროლი რამდენჯერმე დაკარგა და ატმოსფეროში დაიწვა. რუსეთში უკვე გამოჩნდნენ "სამხედრო ექსპერტები" რომლებიც ბრიტანელებსა და ამერიკელებს აბრალებენ თანამგზავრის განადგურებას. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ინფორმაცია პირველად სწორედ ამერიკული წყაროებით გავრცელდა.
- აშშ-ს სენატმა დაამტკიცა 40 მილიარდი ამერიკული დოლარის ლენდ-ლიზის პროგრამა. თავად პრეზიდენტმა კიდევ 100 მილიონი დოლარის სწრაფი დახმარების პაკეტი გამოყო უკრაინისათვის. ამიერიდან უკრაინის გადაიარაღება უშუალოდ ამერიკული სამხედრო საწარმოებიდან მოხდება, რომლებიც უკრაინისათვის ამუშავდებიან.
- ევროპის ქვეყნები, (ბრიტანეთის გარდა - რომელსაც ცალკე შევეხებით) რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ უკრაინის გადაიარაღების პროცესში ნიდერლანდები, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვიაა. ბალტიის ზღვის სახელმწიფოებმა საკუთარი თავდაცვის ხარჯებსა და შეიარაღების ზოგიერთი ტიპის 40%-იც კი მოიკლეს უკრაინის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ისინი კვლავ მიიღებენ შევსებას, მაგრამ ასეთი დახმარება აღსანიშნი და დასაფასებელია. ამასთან, ნიდერლანდები, რომელსაც რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული ცინიზმით უყურებდა, არამხოლოდ დიდი რაოდენობით შეიარაღებისა და ჯავშანტრანსპორტიორის მიმწოდებელია უკრაინისათვის, არამედ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გარკვევით აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან უკრაინას იარაღი უბრალოდ არ მოაკლდება და ექნება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება რუსეთის დასამარცხებლად.
- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პირადად ეწვია ქარხანასა და საკვლევ ცენტრს, სადაც უკრაინისათვის იარაღი მზადდება, იფუთება და იგზავნება. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დახმარება აღუთქვა ჯერ კიდევ ომამდე და მას შემდეგ იარაღის მიწოდება და ინსტრუქტაჟი არ შეწყვეტილა უკრაინის დასახმარებლად“.