პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პენტაგონმა უპასუხა

პენტაგონი

პენტაგონს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის ფედერაციამ ბირთვული შეკავების ძალები მაღალი მზადყოფნის მდგომარეობამდე მიიყვანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ამ ცნობების სისწორეში”, - თქვა თავდაცვის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე.

ოფიციალური პირის თქმით, ეს პუტინის მხრიდან არასაჭირო ნაბიჯია, რადგან რუსეთს ნატო არასოდეს ემუქრება და რა თქმა უნდა არც უკრაინა.

ეს არის ესკალაცია, რადგან პოტენციურად ჩართულია ძალები, რომელთა არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით სახიფათო გახდება, აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ჩვენ ვრჩებით დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს  პუტინმა ბირთვული ძალების სპეციალურ რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.