პუტინი არის მშიშარა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს ებრძვის - ნენსი პელოსი

nensi pelosi

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშიშარა უწოდა, რომელიც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მისივე თქმით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად უნდა იყოს აღიარებული.

„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს“, - განაცხადა პელოსიმ.

„თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არაა, შეგიძლიათ დახიოთ ეს სია. ბირთვული ქვეყანა მეზობელს ესხმის თავს და მისი ლიდერი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს. ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პელოსიმ.