პოლონეთის პრემიერმა განცხადებით დაბნეულობა გამოიწვია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთმა დარტყმა მიაყენა უკრაინას და მისი პრეზიდენტის მოწოდებებს უფრო დიდი საერთშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების უკუგდებისთვის - როცა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას". პარალელურად, 21 სექტემბერს ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ, რომელიც მოჰყვა რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ექვს რეგიონზე.

მორავიეცკიმ დაბნეულობა გამოიწვია 20 სექტემბერს, გვიან საღამოს, როცა პასუხობდა გამოცემა Polsat News-ის ინტერვიუერის კითხვას მზარდ დიპლომატიურ უთანხმოებაზე უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ირგვლივ. მორავიეცკის თქმით, ნატოს წევრი პოლონეთი - რომელიც ომში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო - ამის ნაცვლად "საკუთარ თავს აიარაღებს ყველაზე თანამედროვე იარაღით".

მანამდე პოლონეთის მთავრობამ კიევის ელჩი დაიბარა, რათა "ძლიერი პროტესტი" გამოეხატა მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ ზოგ მოკავშირეს მხოლოდ თავი მოაქვს თითქოს უკრაინას მხარს უჭერს და იარაღით ეხმარება.

გაურკვეველია რამდენად წარმოადგენს მარცვლეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე მორავიეცკის მინიშნება ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკას. პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP-ი 21 სექტემბერს ავრცელებს განცხადებას, რომ პოლონეთი ასრულებს იარაღის მიწოდებაზე უწინ გაფორმებულ შეთანხმებებს, მათ შორის უკრაინასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს ლიდერებთან, 21 სექტემბერს ის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, კონგრესის ლიდერებს შეხვდება.

საკუთრივ უკრაინაში ოფიციალურმა პირებმა 21 სექტემბერს განაცხადეს, რომ დილის 4 საათზე ქვეყნის მასშტაბით ჩაირთო განგაშის სირენა და რუსეთის მხრიდან რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა თავდასხმები რაკეტებით და დრონებით. არის ცნობების მსხვერპლის შესახებ, მათ შორის კიევიდან.