პენტაგონს უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების ინსპექტირება სურს - უკრაინული მედია

pentagoni

პენტაგონს უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების ინსპექტირება სურს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პენტაგონის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯედ როიალმა განაცხადა.

მედიის ცნობით, პენტაგონი განიხილავს უკრაინაში ინსპექტორების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა ინფორმაცია მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების შესახებ.

„დროთა განმავლობაში, ჩვენ გვსურს, გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება და ადგილზე ყოფნა“, – განაცხადა როიალმა.

მისივე თქმით, ექსპერტების მსგავს მისიას, რომელიც ადგილზე იქნება, შეეძლება, ფიზიკურად შეამოწმოს იარაღი და გადაამოწმოს სერიული ნომრები.

როგორც მედია წერს, ახლა პენტაგონი უნდა დაეყრდნოს უკრაინული მხარის ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. როიალმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან კოორდინაცია ეფექტურად მიმდინარეობს.

„უკრაინელებთან კომუნიკაცია ძალზე აქტიურია და გარანტიები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ უკრაინელებისგან იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ისინი ამ სისტემებს და იცავენ მათ, მე ვიტყოდი, რომ კარგი და დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მან.

მანამდე, ამერიკელმა კანონმდებლებმა თავდაცვის დეპარტამენტისგან მოითხოვეს მეტი პასუხისმგებლობის აღება უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების გამოყენების შესახებ.

მედიის ცნობით, მაისში „რესპუბლიკელები“ – ჯონ კენედი და რენდ პოლი ინსპექტორის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომელიც უკრაინის თავდაცვის დახმარებას გააკონტროლებდა. ივნისში „დემოკრატმა“ სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა მთავრობას მეტი ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი კონგრესისგან ელის მკაცრ ზედამხედველობას და თავდაცვის დეპარტამენტის სრულ პასუხისმგებლობას იმ მილიარდობით დოლართან დაკავშირებით, რომელიც აშშ-მა უკრაინელი ხალხს ეკონომიკური და სამხედრო დახმარების ფარგლებში აღმოუჩინა პუტინის სასტიკ ომში გასამარჯვებლად.