ოპერაცია „იახტებზე ნადირობა“ გრძელდება, რუბლი უფასურდება, პროდუქტი ძვირდება, სურსათი დეფიციტშია - რუსეთი სანქციების შედეგებს იმკის

russia

ოპერაცია „იახტებზე ნადირობა“ გრძელდება. ესპანეთმა ბარსელონასთან დააკავა მეგა-იახტად წოდებული მცურავი საშუალება რომელიც სავარაუდოდ „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს ეკუთვნის.
ეს უკვე რუსი ოლიგარქების მესამე იახტაა, რომელიც ესპანეთის წყლებშია დაკავებული. მანამდე სეჩინის კიდევ ერთი იახტის კონფისკაცია მოახდინა საფრანგეთმა, რომლის ღირებულებაც 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

„შავ სიაში“ მხოლოდ ოლიგარქები არ ხვდებიან. აკრძალვაა უკვე რუსულ ხელოვნებაზეც. ლონდონში "სოთბის" და "ქრისტის" აუქციონებმა გააუქმეს რუსული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვები.

საერთაშორისო სანქციების და რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების გასვლა უკვე აისახა რიგით მოქალაქეებზე. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რასაც მყისიერად მოჰყვა პროდუქტების , საყოფაცხოვრებო ნივთების, მედიკამენტებისა და ტექნიკის გაძვირება. ფასების ზრდამ ბაზარზე პანიკაც გამოიწვია, რის გამოც მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა.

რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახური ფასების ზრდას არ უარყოფს, თუმცა უწყების მიერ გამოქვეყნებული ციფრები, სავაჭრო დახლებზე არსებული ფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რუსეთში ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაზარზე არსებული პრობლემები კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ადგილობრივი მეწარმეები ფასების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.

რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას ვარაუდობენ საერთაშორისო ექსპერტებიც. კრემლი სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას ვერ ახერხებს. სულ უფრო რეალისტური ხდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთმა მალე დეფოლტი გამოაცხადოს.