ომი თანამდებობის ნაცვლად - „ბაიდენმა ამერიკელ სპეცსამსახურებს პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაზე მუშაობა დაავალა“

პუტინი

უკრაინაში წარმოებული ომი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალებად და თანამდებობიდან გადაყენებად დაუჯდეს. მსოფლიო ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, რომ უკრაინაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, „პუტინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება“ - ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეკუთვნის. თეთრი სალიხ ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, რომ ნატოს ტერიტორიაზე „ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს­, თორემ აღნიშნული ქმედება ძვირად დაუჯდება.

კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაია „პრაიმტაიმთან“ ბაიდენის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიზანი ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაა, რისთვისაც ნიადაგის მომზადება ამერიკელ სპეცსამსახურებს დაავალა.

„ბაიდენის სურვილია, ვლადიმერ პუტინი რამენაირად თანამდებობიდან გადააყენოს.  ჩანს, რომ ბაიდენმა გასცა განკარგულება ამერიკის სპეცსამსახურებისთვის, რომ მათ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმუშაონ. საუბარია სახელმწიფო გადატრიალებაზე. რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია. 

რუსეთმა აქეთ ჩაუტარა ამერიკას პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა, როცა 2016 წლის არჩევნებში ჩაერია. უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეტევის ფონზე, პუტინი კარგად არის მომზადებული, მას ირგვლივ საკმაოდ მყარი ვერტიკალი აქვს“,- განაცხადა მაისაიამ.

როგორც მაისაია  ამბობს, ომი მინიმუმ მაის-ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება პუტინის მიზანს, ის უკრაინის გაყოფას უკავშირდება.  

„მოვლენები აჩვენებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მინიმუმ მაის-ივნისამდე გაგრძელდება. პუტინი ახლა მიხვდა, რომ ღია სამხედრო ინტერვენცია ჩაეშალა და ზელენსკი თანამდებობიდან ვერ გადააყენა, ამიტომ ის ცვლის გეგმას. მისი მიზანია უკრაინის გაყოფა ანუ არსებობდეს ერთი ხალხი და ორი ქვეყანა. ეს აშკარაა. რამდენად განახორციელებს ამ გეგმას, რთული სათქმელია“, - განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის,  ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, თეთრი სახლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენს რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ არ მოუწოდებია.

„პრეზიდენტს იმის თქმა უნდოდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, დაამყაროს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლას“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.