ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ

ხარკოვი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს იერიში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონში დაბომბილია საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მაშველები მუშაობენ, რადგან არის ეჭვი, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა  ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სუმის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს. დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

პარალელურად, უკრაინის არმიამ დაბომბა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილები, გაანადგურა 20-მდე ტექნიკა, საბრძოლო მასალების სამი საცავი და ორი სამეთაურო პუნქტი.  უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ექვსი თავდასხმა საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ განახორციელა.