NYT: აშშ-ის დაზვერვა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის ნებართვის გაცემაში რისკებს ხედავს

NYT: აშშ-ის დაზვერვა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის ნებართვის გაცემაში რისკებს ხედავს

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ფიქრობენ, რომ რუსეთი აშშ-ს და მის პარტნიორებს დიდი ძალით უპასუხებს, თუ ისინი ნებას დართავენ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

დაზვერვა აგრეთვე ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინას დასავლეთი ნებას მისცემს, და ის რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანას შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაიწყებს, ეს ნაკლებად შეცვლის კონფლიქტის მსვლელობას, ვინაიდან უცნობია, რამდენი ასეთი რაკეტა აქვს ქვეყანას და კიდევ რამდენს მას პარტნიორები მიაწვდიან.

გამოცემა ასკვნის, რომ დაზვერვის მონაცემების გამო აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინისთვის რუსეთზე იერიშების დაწყების ნებართვის მიცემა გაუჭირდა. ზოგი ამერიკელი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემები ბაიდენის ადმინისტრაციაში ცხარე დისკუსიების მიზეზი გახდა. საბოლოოდ, რას გადაწყვეტს ამერიკის პრეზიდენტი, უცნობია.

დაზვერვამ რუსეთის შესაძლო საპასუხო ზომებიც განიხილა და დაასკვნა, რომ მოსკოვმა მისი ტერიტორიის დაბომბვის პასუხად შესაძლოა დივერსიული აქტების სიხშირე გაზარდოს ევროპაში, ან პირდაპირ დაბომბოს ამერიკული და ევროპული სამხედრო ბაზები.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ევროპაში ბოლო პერიოდში განხორციელებული საბოტაჟის აქტების უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას. პუტინს შეუძლია ამ აქტების გაზრდა, თუ დასავლეთი უკრაინას რუსეთზე რაკეტებით თავდასხმის ნებას მისცემს.

თუმცა, როგორც ამერიკელები ფიქრობენ, რუსეთი ფარული საბოტაჟის გზას აირჩევს და დასავლურ სამხედრო ბაზებზე ღია დარტყმებს არ განახორციელებს, რათა უფრო კონფლიქტის უფრო მეტი ესკალაცია არ მოახდინოს.