ზელენსკი: რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სხვადასხვა უკრაინული ქალაქების მოსახლეობას მიმართა, მათ შორის, მარიუპოლის, ხერსნის, ბერდიანსკის, კახოვკის, მელიტოპოლის, ენერგოდარის, რომლებიც რუსულ ძალებს დაკავებული ან ალყაში აქვთ მოქცეული.

ზელენსკის თქმით, ოკუპანტებს არასდროს უნახავთ ათასობით ადამიანი, რომლებსაც არ ეშინიათ იარაღიანი მონების.

„მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ. მათ ეშინიათ. პროპაგანდისტებს ამ შიშის სიძულვილად გადაქცევა შეუძლიათ. შემდეგ კი მოჰყვება ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი თავისუფალი ხალხის მისამართით.

მივმართავ ყველა უკრაინელს. გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი ერის გადასარჩენად. იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ ოკუპანტები! რომ უკრაინამ იცოცხლოს და ჩვენ ყველამ მასთან ერთად. თავისუფალმა და მშვიდობიანმა უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ზელენსკიმ.