„მაშინ მოვიგეთ, ახლა გავიმარჯვებთ“- ზელენსკიმ უკრაინელებს ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს  ნაციზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. და ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება“,- განაცხადა ზელენკსიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე მზაკვრული მტერი, მაგრამ არაფერია იმაზე შხამიანი, ვიდრე მოჩვენებითი მეგობარი.

„ეს არ არის ორი ჯარის ომი. ეს არის ორი მსოფლმხედველობის ომი. ბარბაროსები, რომლებიც ბომბავენ სკოვოროდას მუზეუმს და თვლიან, რომ ჩვენი ფილოსოფია შეიძლება განადგურდეს მათი რაკეტებით. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ომს და ჩვენი მიწის არცერთ ნაჭერს არავის არ დავუთმობთ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენი ისტორიის ნაჭერს არავის მივცემთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, ჩვენ არავის მივცემთ ამ გამარჯვების ანექსიის უფლებას, არ მივცემთ მისი მითვისების უფლებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

„მილიონობით უკრაინელი იბრძოდა ნაციზმთან და გაიარა მძიმე და გრძელი გზა. მათ განდევნეს ნაცისტები ლუგანსკიდან, განდევნეს ნაცისტები დონეცკიდან, გაათავისუფლეს ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი დამპყრობლებისგან. მათ განდევნეს ნაცისტები იალტადან, სიმფეროპოლიდან, ქერჩიდან, გაათავისუფლეს მარიუპოლი ნაცისტებისგან. გააძევეს ნაცისტები მთელი უკრაინიდან, მაგრამ ქალაქები, რომლებიც მე დავასახელე განსაკუთრებით შთააგონებს დღეს, გვაძლევს რწმენას, რომ ოკუპანტები აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან.

ნაციზმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიბრძვით ახალი გამარჯვებისთვის. მისკენ გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს არის სახელმძღვანელო უკრაინის ისტორიის შესახებ“,- განაცხადა ზელენკსიმ.