მამაკაცი 20-წლიანი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2003 წელს ჩადენილი დანაშაული მისმა ტყუპისცალმა აღიარა

უცხოეთი

ამერიკის შეერთებულ შტატებში 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელიც სასჯელს იმ მკვლელობისთვის იხდიდა, რომლის ჩადენაც საბოლოოდ მისმა ტყუპისცალმა აღიარა.

ამის შესახებ New York Post წერს.

კევინ დუგარი გირაოს სანაცვლოდ 25 იანვარს ჩიკაგოში გაათავისუფლეს.

მამაკაცი 2003 წელს გაასამართლეს მეტოქე ბანდის წევრის მკვლელობის გამო, 2016 წელს კი მისმა ტყუპისცალმა კარლ სმიტმა აღიარა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

2018 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ სმიტის სიტყვები სარწმუნო არ იყო, რადგან იმ მომენტისთვის ის უკვე იხდიდა 99-წლიან სასჯელს ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა ბავშვი. სმიტის განცხადების განხილვისას პროკურორმა განაცხადა, რომ ამ დამნაშავეს არაფერი ჰქონდა დასაკარგი და მისი სიტყვები უნდობლობის გარდა არაფერს იწვევდა.

თუმცა საქმეს და სმიტის განცხადებას ყურადღება ჩრდილო-დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის „უსამართლო სასჯელების ცენტრმა“ მიაქცია და უფლებადამცველებმა მოახერხეს დუგარის სასჯელის გადახედვა.

„სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს დიდი შესაძლებლობა, ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კევინი უდანაშაულოდ ცნოს“, - განაცხადა დუგარის ადვოკატმა.

საქმის მეორე განხილვამდე დუგარი სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

„ის ძალიან ბედნიერია, რომ გათავისუფლდა და თანდათან ეჩვევა სამყაროს, რომელიც ძალიან შეიცვალა იმ 20 წლის განმავლობაში, რაც მან ცრუ ბრალდებებით გაატარა ციხეში“, - აღნიშნა ადვოკატმა.