ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ევროკავშირის ჯარების გაგზავნის ინიციატივით გამოდის, თუ იქ ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების მონაწილეობა დადასტურდება

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოდის ინიციატივით ევროკავშირმა საკუთარი ჯარი უკრაინაში გააგზავნოს, თუ იქ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ომში მონაწილეობა დადასტურდება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც ლანდსბერგისმა აღნიშნა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ თებერვალში უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნას სთავაზობდა პარტნიორებს.

„თუ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის მქონე რუსული სადამსჯელო რაზმებისა და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების შესახებ დადასტურდება, ჩვენ მოგვიწევს დავუბრუნდეთ მაკრონის იდეას, რომელიც უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცების ყოფნას ეხება“, - ციტირებს Politico ლანდსბერგისს.

„სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ჩამოვრჩებით და პასიურად ვმოქმედებთ, მაგრამ მე ჩვენი საერთო შესაძლებლობის მჯერა, რათა აქტიურად გადავდგათ ნაბიჯები პრეზიდენტ მაკრონის იდეის განსახორციელებლად“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩრდილოეთ კორეიდან უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნის შესახებ პირველი ცნობები 8 ოქტომბერს გავრცელდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში უკრაინაში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეელთა პირველი შენაერთი ჩავიდა. მათი რიცხოვნობა 1 500 ადამიანს შეადგენს.