კიევმა თურქეთს რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის დაკეტვა ოფიციალურად მოსთხოვა - რა უპასუხა ანკარამ

ბოსფორი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარამ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა კიევისგან ბოსფორისა და დარდანელის გავლით რუსული სამხედრო გემების გავლის შეზღუდვის შესახებ.

ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„თურქეთმა შეიძლება დახუროს ბოსფორი და დარდანელი სამხედრო გემების გადასასვლელად, მაგრამ ამ ვითარებაშიც რუსეთის ფედერაციას ექნება უფლება გამოიყენოს ისინი ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად," - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება მონტროს კონვენციას. 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტროში შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის გარშემო მიმდინარე კონფერენციაზე მიღებულმა კონვენციამ აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე.

კონვენციის თანახმად ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო გემებს აქვთ უფლება, გაიარონ ამ სრუტეებში როგორც საომარ, ისე მშვიდობიან ვითარებაში. ამას გარდა, კონვენცია მშვიდობიან დროს სრუტეების გავლის უფლებას აძლევს ყველა შავიზღვისპირეთის ქვეყნის ნებისმიერი კლასის სამხედრო ხომალდებს, მაგრამ არაშავიზღვისპირეთის ქვეყნების სამხედრო გემები შეზღუდული არიან როგორც წყალწყვის, ისე კლასისა და შავ ზღვაში ყოფნის მხრივ.