კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო

სანქციები

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს მთავრობასთან დაკავშირებულ ორ რუსულ ბანკს, რომელთა სახელები ჯერ არ არის მითითებული და აკრძალავს მათთან ტრანსაქციებს.

სანქციები ასევე შეეხება რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას.

„სანქციები მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. და ისინი ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, კანადა ლატვიაში დამატებით 460 სამხედრო მოსამსახურეს, ასევე საზღვაო პატრულირებისთვის ფრეგატს და თვითმფრინავს გზავნის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადამ უკრაინას თვითმფრინავით სამხედრო დახმარება გაუგზავნა.