"ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, სრულად გააჩერებს უნგრეთის ეკონომიკას" - უნგრეთის პრემიერმინისტრი

Orban

უნგრეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან, რადიო Kossuth-ში ისაუბრა, ინფორმაციას პრემიერის განცხადების შესახებ telex.hu ავრცელებს. 

პრემიერის თქმით, ავსტრია და გერმანიაც მიიჩნევენ, რომ თუ რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში მიწოდება შეწყდება, ეკონომიკა გაჩერდება.

ორბანის თქმით, უკრაინელები სთხოვენ უნგრეთს, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რაც უნგრული ნავთობის 61%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, თუ უნგრეთი რუსულ გაზზე ემბარგოს დააწესებს, მაშინ უნგრეთის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 85 პროცენტი მილებში უბრალოდ გაქრება.

"ბუნებრივი აირი და ნავთობი თუ არ იქნება, მაშინ უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება. დაიხურება ქარხნები, იქნება მასობრივი უმუშევრობა.

ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, სრულად გააჩერებს უნგრეთის ეკონომიკას.

ჩვენ უკრაინელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან მათ თავს დაესხნენ, მაგრამ არ შეიძლება, მოსთხოვო სხვას, თავი შენს გამო დაიღუპოს“, – განაცხადა ორბანმა.