ამინდი იცვლება - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი
1742891540
„მინდა კიევის მერი გავხდე, რადგან ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და მის განსავითარებლად ყველაფერს გავაკეთებ“, - ეს სიტყვები ვიტალი კლიჩკომ წლების წინ წარმოთქვა. პროფესიონალი მოკრივე მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც რინგზე მისი მთავარი მეტოქე სპორტსმენის ნაცვლად მეზობელი ქვეყნის სამხედრო ძალები იქნებოდა.
დღეს უკვე კიევის მერი ომის დაწყების პირველი დღიდან ფრონტის წინა ხაზზე დგას და სამშობლოს რუსული აგრესიისგან იცავს:
„სხვა გზა არ მაქვს უნდა ვიბრძოლო.. და პირობას ვდებ რომ ბოლომდე ვიბრძოლებ.მჯერა ჩემი ქვეყნის, მჯერა უკრაინის“.
გაწეული შრომისა და თავდადების გამო უკრაინელები მას კიევის გმირ მერად მოიხსენიებენ. პროფესიონალად, რომელსაც საყვარელი ხალხი ტრაგიკულ დღეებშიც არ მიუტოვებია და მათ გამხნევებას ყველანაირად ცდილობს:
„უკრაინელებო, რთული იქნება, მაგრამ უნდა გავუძლოთ! ჯარი ჩვენთანაა, სიმართლე ჩვენთანაა!“.
ვიტალი კლიჩკო 19 ივლისს სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ის და მისი ძმა ყირგიზეთის სოფელ ბელოდოვსკოეში იზრდებოდნენ. მათი მამა, ვლადიმერი საბჭოთა გენერალი იყო. აღსანიშნავია, რომ ავიაციის პოლკოვნიკის რანგში ვლადიმერ კლიჩკო ჩერნობილის გამწმენდ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა. რადიაციის ზემოქმედების გამო, ის 64 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით, გარდაიცვალა.
ვიტალის დედა ნადეჟდა ულიანოვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, ძმები კლიჩკოები დედას ყოველთვის თბილად იხსენებენ.
კიევის მომავალმა მერმა განათლება ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის განათლებას ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით იღებდა.
ბავშვობაში ვიტალი კლიჩკო კიკბოქსინგით იყო გატაცებული. 13 წლისამ ბოქსის ხელთათმანები პირველად მოირგო და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. მან კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 6-ჯერ მოიპოვა. მოგვიანებით კი კრივში გადაინაცვლა. კარიერის მანძილზე ვიტალი კლიჩკომ უამრავ წარმატებას მიაღწია. ის არის ევროპის არაერთგზის ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში და ვერცხლის პრიზიორი მსოფლიო კრივის მოყვარულთა შორის.
არანაკლებ წარმატებულია მისი უმცროსი ძმა ვლადიმირი, რომელიც კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზშია შეყვანილი. 2011 წელს ძმები კლიჩკოები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შევიდნენ.
„არავის შეუძლია ძმები კლიჩკოების დამარცხება. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ეს ცოტა არ იყოს მოსაწყენია“,- აღნიშნავს ვიტალი.
2004 წელს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უკრაინის მთავრობამ ვიტალის „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიონალ მოკრივეს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
კრივიდან პოლიტიკაში ოფიციალურად 2006 წელს გადაინაცვლა და პარტია „უდარი“ დააარსა. აქტიურად მონაწილეობდა ევრომაიდანის საპროტესტო აქციებში. 2014 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურაც კი წამოაყენა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა. კიევის მერად ვიტალი კლიჩკო 2015 წლის 15 ნოემბერს აირჩიეს.
„გულწრფელად გეტყვით. უფრო მარტივია იყო მსოფლიო ჩემპიონი, ვიდრე კიევის მერი. კიკბოქსინგს თავისი წესები აქვს, პოლიტიკაში კი წესები არ არსებობს. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - თუ ცვლილების მოხდენა გინდა, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო და ყველაფრის მიღწევას შეძლებ“,- ამბობს ის.
ვიტალი კლიჩკოს რჩეული ყოფილი სპორტსმენი და ფოტომოდელი, ნატალია ეგოროვაა. მათი სასიყვარულო ურთიერთობა 26 წელს ითვლის. წყვილი ერთმანეთს პირველად 1996 წელს შეხვდა და მალევე იქორწინა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მათ სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად უწევდათ ყოფნა. თუმცა, დაბრკოლებების მიუხედავად, ვიტალისა და ნატალიას დაშორებაზე არასდროს უფიქრიათ. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგას და არც სიყვარულის საჯაროდ გამოხატვას ერიდება. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ვიტალის წარმატებული პოლიტიკური კარიერის უკან სწორედ ნატალია დგას.
„უკრაინამ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა 20 წლის ვიყავი. ახლა 50-ის ვარ. ამ დროის მანძილზე ერთი რამ ვისწავლე - ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოდის!“,- ამბობს კიევის გმირი მერი, რომელიც მზადაა კრივის ხელთათმანები საბრძოლო იარაღით შეცვალოს და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცად იქცეს.
ნახეთ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტი