ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი: უკრაინა დანაშაულის ადგილია

HAAGIS PROKURORI

უკრაინა დანაშაულის ადგილია, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა არის დანაშაულის ადგილი. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლეს მივაკვლიოთ. ეს კი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს“, – განუცხადა კარიმ ხანმა მედიას.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფი ბუჩაში მუშაობას უკვე შეუდგა. მას შემდეგ, რაც კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა რუსმა სამხედროებმა დატოვეს, ქალაქში ასობით მშვიდობიანი მცხოვრები გარდაცვლილი აღმოაჩინეს.