ღამით რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები

რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

ღამით რუსეთმა ოდესაზე მასიური იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთი ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სასაწყობე შენობები.

„დარტყმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა კიპერმა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 26 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, ცხრა დრონი ჩამოაგდეს ვორონეჟის რაიონში, რვა ბელგოროდში, ოთხი კურსკში, ორი ლიპეცკისა და ყირიმის თავზე, ერთი კი მოსკოვის რეგიონში.