განადგურებულია რუსეთის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. მათ შორის ქალაქები: კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, ხარკოვი, დნიპრო, კრივოი როგი, ზაპოროჟიე, ნკოლაევი და ოდესა.

უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, 10 ოქტომბერს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ძალების 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტერი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების და მჭიდროდ დასახლებული ქალაქების წინააღმდეგ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო. გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგეს არ შეუძლია ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებით უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული კონტრშეტევის შეჩერება და ამიტომ ცდილობს მოსახლეობის დაშინებას და პანიკის დათესვას. 

10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი და 97 დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურის 70-მდე ობიექტი, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები და 40-მდე საცხოვრებელი სახლი.