"გადმომათრია მანქანიდან...ავტომატი მომადო და მითხრა: აქვე დაგხვრიტო?" - 16 წლის ბურიაკი ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს

უკრაინა

8 აპრილს 16 წლის ვლადისლავ ბურიაკი ოკუპანტებმა ტყვედ მას შემდეგ აიყვანეს, რაც მის ტელეფონში   დაკავებული რუსი მეომრების ვიდეოები ნახეს, სადაც ისინი  ჯარში სამსახურზე უარს ამბობდნენ და პუტინის შეჭრას გმობდნენ. ვლადისლავი ზაპოროჟიეს რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ ბურიაკის შვილია. მან ტყვედ 3 თვე დაჰყო და მხოლოდ 7 ივლისს გათავისუფლდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„საბუთების შემოწმება რომ დაიწყეს, მე უკანა სავარძელზე ვიჯექი და ტელეფონზე რაღაცას ვაკეთებდი, ჯარისკაცმა, რომელიც ამოწმებდა საბუთებს, მკითხა: „მიღებ? საგზაო ბლოკს იღებ? ინფორმაციას ავრცელებ?“ ვუპასუხე: „არა.“ მან ტელეფონი გამომართვა. წაიკითხა მიმოწერა, ზარები, ფოტოები, ყველა ინფორმაცია."- იხსენებს ვლადისლავ ბურიაკი.

მისი თქმით, ოკუპანტმა მის ტელეფონში Telegram-ის ვიდეო ნახა, სადაც დატყვევებული რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ სახლში წასვლა სურთ და არ უნდათ ბრძოლა, ძალიან გაბრაზდა.

"გადმომათრია მანქანიდან, ავტომატი მომადო და მითხრა:  - ახლავე ხომ არ დაგხვრიტო? თუ მარტო ტელეფონი დავამტვრიო?" ,- იხსენებს მოზარდი. 

ვლადისლავი სხვა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად საევაკუაციო კოლონით ბერდიანსკიდან მოდიოდა, როდესაც მათ ოკუპანტები გადაეღობნენ წინ, ავტობუსებში ავიდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს. ზემოთ აღწერილი ინციდენტის შემდეგ, კოლონა ოკუპანტებმა კიდევ სამი საათი დააყოვნეს და ვლადისლავის გარდა ყველა გაათავისუფლეს. ბიჭი საფილტრაციო ბანაკში გადაიყვანეს,

პირველი 48 დღე ბურიაკმა სამარტოო საკანში გაატარა, შემდეგ მას დამლაგებლად ამუშავებდნენ - იმ კამერებს წმენდდა, სადაც სხვა უკრაინელ ტყვეებს აწამებდნენ.