ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს

ესპანეთი

ესპანეთის მთავრობა მოუწოდებს ევროკავშირს, რომ „კოვიდ-19“-ს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ესპანეთის მთავრობა ამ სტრატეგიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. ეს სტრატეგია გულისხმობს უარის თქმას „კოვიდ-19“-ის გავრცელების დეტალურ აღრიცხვაზე.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, ესპანეთის მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია, რადგან მეცნიერების დახმარებით, უკვე არსებობს ის საშუალებები, რომლითაც მოსახლეობის შეძლებისდაგვარად დაცვა და ინფექციის გავრცელების შეჩერება არის შესაძლებელი.

ამასთან, „ევროაქტივთან“ საუბარში ევროპელმა დიპლომატმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს, განაცხადა, რომ სავარაუდოდ შტამ „ომიკრონის“ ვაქცინის გაკეთება არ იქნება საჭირო, რადგან იმ დროისთვის, როდესაც ამ ვაქცინას შექმნიან, ევროპის მოსახლეობის უმეტესობას უკვე გადატანილი ექნება ეს შტამი. მისივე თქმით, „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების პირობებში, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების მიდევნების ტაქტიკაც აზრს კარგავს.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, რომ მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.