„ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია" - კიევის უბანი, სადაც დღეს რაკეტა ჩამოვარდა, ვლადიმირ კლიჩკომ მოინახულა

ომის 23-ე დღე უკრაინაში. "კურიერი" ქვეყნის დედაქალაქში მუშაობს. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია პადოლის უბანში. საოკუპაციო ძალებმა კიევის მისამართით რამდენიმე რაკეტა დილით ისროლეს, მათი ნაწილის განეიტრალება უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო, თუმცა ერთ-ერთი რაკეტა პადოლის უბანში საცხოვრებელ კორპუსებს შორის ჩამოვარდა და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

ჩამონგრეულია 4-ზე მეტი კორპუსი, დაზიანებულია სკოლა და საბავშვო ბაღი. ადგილზე ცოტა ხნის წინ კიევის მერის ძმა - ცნობილი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო მივიდა. მან მომხდარი უკრაინელი ხალხის გენოციდად შეაფასა:

"ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია საბავშვო ბაღი, დასახლებული ადგილი, მშვიდობიანი მაცხოვრებლები - ამ ყველაფერს ბომბავენ. რა იქნება ხვალ, რა შეიძლება კიდევ გააკეთონ, რომ რუსეთის ეს აგრესია შეჩერდეს? პუტინის რეჟიმი ახლავე უნდა შეწყდეს, არა საათები, დღეები და კვირები, წუთებიც მნიშვნელოვანია რუსეთის სრული იზოლაციისთვის. ბრუტალური იზოლაციაა საჭირო, ეკონომიკური იზოლაცია. რუსეთი თავის სახსრებს შეიარაღებისთვის იყენებს, ტყვიებისთვის, რაკეტებისთვის, რომელიც ჩვენი - უკრაინელების დასახოცად არის გამიზნული. ეს უაზრო ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს," - განაცხადა ვლადიმირ კლიჩკომ.