დარწმუნებული ვარ, მალე ვეტყვით ჩვენს ხალხს – დაბრუნდით, საფრთხე აღარ არსებობს! - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს - დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს. 

გაეროს ინფორმაციით, უკრაინა 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.