პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენასა და მსოფლიოსთვის სურსათით შანტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა.
6 ივნისს, გაეროში გამოსვლისას მიშელმა ილაპარაკა არსებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ომის იარაღად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, წამებას, ტერორს და რეპრესიებს. შარლ მიშელის თქმით, ეს სამარცხვინო საქციელია სამარცხვინო ომში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბომბავს ხორბლის საცავებსაც, მიტაცებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს იპარავს და განვითარებად ქვეყნებში შექმნილ სასურსათო კრიზისს იარაღად იყენებს.
მიშელმა უარყო მოსკოვის განცხადებები, რომ თავად რუსეთი ხორბლის ექსპორტს სანქციების გამო ვერ ახერხებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სანქციები სურსათით მომარაგებას არ ეხება.
შარლ მიშელის გამოსვლისას დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ვასილი ნებენზიამ. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააცილა რეპლიკით, რომ დარბაზიდან გასვლა უფრო იოლია, ვიდრე სიმართლის მოსმენა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის აპრილსა და მაისში და თავად ნახა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგები.