შარლ მიშელმა რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა

შარლ მიშელი

შარლ მიშელმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულებთან ერთად, რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.

შარლ მიშელის განცხადების შემდეგ რუსეთის ელჩმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და სხდომა დატოვა. გაეროს უშიროების სხდომაზე უკრაინამ რუსეთისთვის ორგანიზაციაში მუდმივი წევრობის შეწყვეტა მოითხოვა.

„რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ბოროდიანკაში, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკე ჩაიდინეს - სამხედრო დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. იმისათვის, რომ მათ პასუხი ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებათა შეგროვებაში.

დაუსჯელობა გამოსავალი არ არის. ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს იწვევს სურსათის გაძვირებას, ადამიანებს აღარიბებს და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას ახდენს. მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად“, - განაცხადა შარლ მიშელმა.