„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული ექვსგზის ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უცნობ ისტორიას ჰყვება.
მისი თქმით, ტალახაძემ ბაკურიანში, ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, დაიზიანა ბარძაყის კუნთი და სამი კვირის განმავლობაში ვერ მოძრაობდა.
„20 აპრილს, ბაკურიანში, ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, დაიზიანა ბარძაყის კუნთი, იყო უზარმაზარი ჰემატომა, სამი კვირის განმავლობაში ვერ მოძრაობდა, ვერ აკეთებდა ვარჯიშებს. შევეცადეთ, არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია და წინასწარ არ გვენერვიულებინა გულშემატკივარი. თითქმის ნულიდან დავიწყეთ და 25 დღეში მივიდა ამ შედეგზე, რომ არა ეს ტრავმა, მჯერა რომ 500 იქნებოდა ამ შეჯიბრზე!
4-5 ნორმალური ვარჯიშის გავლა მოასწრო მხოლოდ და გუშინ იმიტომ არ ჰგავდა საკუთარ თავს. იცით რატომაა გმირი?! შეეძლო ტრავმის წუთიდან ეთქვა უარი გამოსვლაზე, უბრალოდ დაესვენა, ოჯახთან ერთად დრო გაეტარებინა, მან კი შეკრებაც არ დატოვა, მკურნალობა დავიწყეთ, ნემსები, ნელ-ნელა რეზინებით ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი.... ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო.
ქირურგ-ტრავმატოლოგის შეფასებით, ასეთი ტრავმის მორჩენას სჭირდება 4-6 კვირა, ტრავმიდან ექვსი კვირა ორიოდე დღის წინ გავიდა, წესით ვარჯიში უნდა დაგვეწყო ახლა, ჩვენ კი გუშინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ! მადლობა ლაშა!
მადლობები: ზურა კახაბრიშვილს, ასევე დიდი მადლობა მედიკლაბის სამედიცინო ელიტას, ლევან ნაჭყებიას, ქალბატონ ნინო დუმბაძეს, თამაზ თამაზაშვილს.. დიდი მადლობა ტატიშვილის სპორტულ კლინიკას და პირადად გიორგი ლომიძეს.. გიორგი ასანიძეს და ავთანდილ გახოკიძეს მადლობა დაგეგმილი და მედიცინასთან შეთავსებული ვარჯიშებისათვის! ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას! დიდი მადლობა თქვენ, ქართველო გულშემატკივარო გვაპატიეთ, რომ განერვიულეთ გუშინ. წინ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც დეკემბერში ჩატარდება. იქამდე კი ლაშა სრულ ფორმაში უნდა იყოს,“ - წერს გიორგი ჭინჭარაული.
ცნობისთვის, ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით 5 ივნისს +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ, ტრავმის მიუხედავად, ქომაგთა იმედები კვლავ გაამართლა, ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ნახეთ, როგორ მიიღო ლაშა ტალახაძემ პირველად, მის სპორტულ კარიერაში სერიოზული ტრავმა ⇓