ბრიტანელმა ქირურგმა პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა

უცხოეთი

ქირურგმა საიმონ ბრამჰოლმა აღიარა, რომ 2013 წელს ბირმინგემის დედოფალ ელიზაბეტ ჰოსპიტალში მუშაობისას სპეციალური არგონის სხივის აპარატი გამოიყენა, რათა უგონო პაციენტის ღვიძლზე თავისი ინიციალები ამოეწვა.

ამის შესახებ BBC-ი წერს .

საქმის განხილვისას, სამედიცინო პრაქტიკოსთა ტრიბუნალურმა სამსახურმა ქირურგის ქმედება „პროფესიულ ამპარტავნებად“ შეაფასა, რომელიც ექიმების მიმართ საზოგადოების ნდობას „ძირს უთხრის“.

2017 წელს ბრამჰოლმა სასამართლოს წინაშე პაციენტის ღვიძლზე ინიციალების ამოწვის ორი ფაქტი აღიარა და 10000 ფუნტით დაჯარიმდა. 2021 წლის დეკემბერში სასამართლომ ქირურგისთვის პროფესიული საქმიანობის 5 თვით შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა რადგან ის პროფესიონალურ სტანდარტებს აღარ არღვევდა, გასულ ორშაბათს მისი ნასამართლობა შეჩერდა და საქმიანობის შეწყვეტის ბრძანებაც გაუქმდა.

დიდი ბრიტანეთის გენერალურმა სამედიცინო საბჭომ (GMC) სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ბრამჰოლის ქმედებებმა პაციენტსა და ექიმს შორის ნდობას სერიოზული საფრთხეები შეუქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს ხანგრძლივი ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ, სამედიცინო საბჭოს თქმით, ბრამჰოლის ქმედებებმა ერთ-ერთ მათგანს „მნიშვნელოვანი ემოციური ზიანი“ მიაყენა.

საბჭოს წევრებმა ქირურგი  საიმონ ბრამჰოლი სამედიცინო საზოგადოებიდან გარიცხეს. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ქმედების პროპორციული სანქციაა.