გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბალტიის ქვეყნებმა და ბულგარეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია აღნიშნული, სამი ქვეყნიდან ჯამში 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. კერძოდ, ლიეტუვიდან – ოთხი, ლატვიიდან და ესტონეთიდან კი – სამ-სამი.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი არის ის, მათი საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გათვალისწინებით.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატები გააძევეს, რადგან ისინი პირდაპირ და აქტიურად უთხრიდნენ ძირს ესტონეთის უსაფრთხოებას და ავრცელებდნენ პროპაგანდას რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლების მიზნით.
ლიეტუვამ კი, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება უკრაინისადმი სოლიდარობით ახსნა.
10 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება ბულგარეთმაც მიიღო. როგორც ბულგარეთში რუსეთის ელჩმა განაცხადა, დიპლომატები დაადანაშაულეს დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობაში.