არამხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა გვექნება, არამედ ინფექციებთან გამკლავებაც მოგვიწევს - მარიუპოლის მერი

მარიუპოლი

რუსულმა არმიამ აზოვსტალზე შტურმი ავიაციის, არტილერიის, ჯავშან-მანქანების და ცოცხალი ძალის საშუალებით დაიწყო, იქამდე ქარხნის ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში იბომბებოდა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, თავდასხმას ემსხვერპლა ორი ქალი, რომლებიც თავს ბუნკერს აფარებდნენ.

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტან სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ იერიშები ამ დრომდე გრძელდება.

„ამ დროისთვისაც გრძელდება იერიშები აზოვსტალის ქარხანაზე, ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ყველაფერს ვაკეთებთ მათ მოსაგერიებლად.

მოგიწოდებთ, რომ მოახდინოთ დაუყოვნებლივი ევაკუაცია ქარხნის ტერიტორიიდან და გადაიყვანოთ ეს ადამიანები უსაფრთხოდ ზაპოროჟიეში.

მტრის სამხედრო საზღვაო ფლოტი და არტილერია მთელი ღამის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანას უტევდა. ცვიოდა ბომბები, ამის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 ქალი დაგვეღუპა. 10 ადამიანს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული,"- ამბობს პალამარი.

მარიუპოლის მერის თქმით კი, აზოვსტალს ყოველდღე ბომბავენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღე გვესმის ცუდი ინფორმაცია , ყოველდღე ბომბავენ აზოვსტალს. ყოველდღე უწევთ გმირებს ჩვენი ციხესიმაგრის - აზოვსტალის დაცვა. ახლაც ეს ხდება იქ, ზუსტად. მარიუპოლი ბლოკადაშია და ძალიან რთულია გავაკონტროლოთ ის მარშრუტები, რომლითაც ხალხს გამოიყვანენ, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.

მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები ახერხებენ მცირე პროგრესის მიღწევას ამ კუთხით. ჩემი მონაცემებით, მარიუპოლიდან ევაკუაციას 100 ათასი ადამიანი ელოდება . სამწუხაროდ, მალე არამხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა გვექნება, არამედ ინფექციებთან გამკლავებაც მოგვიწევს. რუსები აიძულებენ ჩვენს მოქალაქეებს, საკვების მიღების სანაცვლოდ, საფლავები გათხარონ,"- ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.