არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ - ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო. არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, თურქეთმა უკრაინიდან 325 000 ლტოლვილი მიიღო.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დიპლომატიური პროცესის გაცოცხლების მიზნით. ვინარჩუნებ რწმენას, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. [...] ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უმოკლესი და სამართლიანი გზა მოლაპარაკების მაგიდამდე“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.