ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის რთული იქნება, მოსთხოვოს ისრაელს, შეწყვიტოს საჰაერო დარტყმები ირანზე. ამის შესახებ მან ნიუ-ჯერსიში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ძალიან რთულია, ახლა დააყენო ეს მოთხოვნა, თუ ვინმე იმარჯვებს. ცოტა რთულია ამის გაკეთება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მარცხდება, თუმცა ჩვენ ვართ მზად, გვსურს და შეგვიძლია. ჩვენ ვესაუბრებით ირანს და ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რთული იქნება ისრაელისთვის დარტყმების შეწყვეტის თხოვნა, მისი სამხედრო წარმატებების გათვალისწინებით.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის დიპლომატიური ძალისხმევა ვერ დაეხმარება ირანთან დაკავშირებული ვითარების განმუხტვას.
ამასთან, აშშ-ის ლიდერის თქმით, ორკვირიანი ვადა არის მაქსიმალური ირანთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედრო ჩართულობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„მე ვაძლევ მათ დროის მონაკვეთს. ვნახოთ, რა იქნება ეს ვადა. მე ვაძლევ მათ დროს და ვიტყვი, რომ ორი კვირა იქნება მაქსიმუმი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის არ განიხილავს აშშ-ის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.
„მე არ ვისაუბრებ სახმელეთო ძალებზე. უკანასკნელი, რისი გაკეთებაც გსურთ, ეს სახმელეთო ძალებია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის „ყოველთვის მშვიდობისმყოფელი იქნება“, მაგრამ „ზოგჯერ საჭიროა გარკვეული სიმკაცრე მშვიდობის დასამყარებლად“.