1743366857
ჟერარ დეპარდიემ სასამართლოზე სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდება უარყო

ჟერარ დეპარდიე სასამართლოს წინაშე წარდგა. 76 წლის მსახიობმა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სასამართლოზე ბრალდება უარყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სასამართლოზე დეპარდიემ განაცხადა, რომ მან მართლაც მოჰკიდა ხელი ქალს თეძოზე, მაგრამ არა სექსუალური მიზნით, არამედ იმისთვის, რომ წონასწორობა შეეკავებინა.
საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს 2021 წელს მოხდა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა სახელად ამელიმ, დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
„მე მოვკიდე მას თეძოზე ხელი, რომ არ დავვარდნილიყავი. ძალიან ცხელოდა, გაღიზიანებული ვიყავი, დაღლილი - პარასკევი იყო, გადაღებების მძიმე კვირის ბოლო დღე“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში დეპარდიემ.
დეპარდიემ აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე თავს უფლებას აძლევდა ვულგარული ფრაზები ეთქვა, თუმცა ამას, მისი თქმით, სიტუაციის განმუხტვისთვის და ადამიანების გამხიარულებისთვის აკეთებდა.
სასამართლო პროცესი გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დეპარდიეს დამნაშავედ ცნობს მას 5 წლამდე პატიმრობა და 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.