აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
ზღვის კუმ, სახელად გიუმუშმა ხმელთაშუა ზღვაში დაუკერებელი მანძილი, 24 ათასი კილომეტრი გაიარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მიგრაციული მარშრუტია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ამ სახეობისთვის.
მკვლევრებმა გიუმუში და კიდევ ერთი კუ, სახელად ალთინი, აღჭურვეს სატელიტური ანტენებით და 2024 წლის ივლისში ზღვაში გაუშვეს ანტალიის მახლობლად, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. როგორც სააგენტო Anadolu წერს, ეს განხორციელდა ეკოლოგიური კვლევების ასოციაციის (EKAD) პროექტის ფარგლებში, რომელიც ზღვის კუების კვლევას, მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება.
მაშინ როცა ალთინი ლიბიის სანაპიროს გასწვრივ ტრადიციულ მარშრუტს მიჰყვებოდა, გიუმუშმა სრულიად მოულოდნელი გზა აირჩია. მან დატოვა ანტალია, გადაკვეთა ღია ზღვა, გარკვეული დრო გაატარა საბერძნეთის კუნძულებთან, მიაღწია სიცილიასა და იტალიას, შემდეგ კი ტუნისში, ჰამამეტის ყურისკენ გაემართა. ამის შემდეგ გიუმუში დასავლეთისკენ დაიძრა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსკენ, გაიარა ღაზის სექტორის მახლობლად, ეგვიპტეში მდებარე ბარდავილის ტბასთან და რას-ელ-ბართან, შემდეგ კი კვლავ სიცილიისკენ დაბრუნდა. იქიდან მან გზა განაგრძო დასავლეთისკენ ტირენიის ზღვის გავლით, სარდინიის გვერდით, ალჟირის სანაპიროს გასწვრივ და ბალეარის ზღვაში ჩავიდა. ამჟამად კუ ესპანეთში, ტორევიეხას სანაპიროსთან იმყოფება.
EKAD-ის წარმომადგენლის, ონურ ქანდანის თქმით, გიუმუშმა ხმელთაშუა ზღვაში სრულიად ახალი მიგრაციული დერეფანი აღმოაჩინა:
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს უჩვეულო ქცევა დაკავშირებულია ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებასთან, ეს კლიმატის ცვლილების აშკარა ნიშანია“.
EKAD ასევე აკვირდება ორ ახალმონიშნულ კუს, ფლორასა და ფაუნას, რომელთა მარშრუტები ფართო ტერიტორიებს მოიცავს, მათ შორის ტრიპოლის, მერსინს, საბერძნეთსა და იბიცას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ EKAD-ის პროექტი აგროვებს მნიშვნელოვან მონაცემებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების დასაცავად, რადგან წყლის დათბობა ხმელთაშუა ზღვაში ტრადიციული მიგრაციული მოდელების შეცვლას იწვევს.