ზელენსკი: უკრაინელი სამხედრო მეთაურისთვის უნგრეთში შესვლაზე უარის თქმა აღშფოთებას იწვევს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო მეთაურისთვის უნგრეთში შესვლაზე უარის თქმა აღშფოთებას იწვევს.

„ახლა, როცა ჩვენი ხალხი ყველაზე მასშტაბური რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგების წინაშე დგას, ვხედავთ უნგრელი ოფიციალური პირების კიდევ ერთ მცდელობას, შავი თეთრად გამოაცხადონ და უკრაინას დააკისრონ პასუხისმგებლობა ომის გაგრძელებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა სამშვიდობო წინადადებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებითად შეხვდა, ხოლო ერთადერთი, ვინც ეს უარყო, რუსეთი იყო.

„უნგრელი ოფიციალური პირები იქამდე მივიდნენ, რომ ცდილობენ დისკრიმინაცია გაუწიონ უკრაინაში უნგრული თემის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად იბრძვიან. თუ უნგრეთმა მართლაც აუკრძალა შესვლა უნგრეთსა და შენგენის ზონაში სამხედრო მეთაურს, რომელიც ეთნიკური უნგრელი და უკრაინის მოქალაქეა, ამან მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს“, - დასძინა მან.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რობერტ ბროვდის უნგრეთში შესვლა აეკრძალა. სიიარტოს თქმით, ეს დაკავშირებულია 22 აგვისტოს ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმასთან, რომლის მეშვეობითაც უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებს.