ზელენსკი: უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს

ზელენსკი

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს.

ზელენსკის თქმით, ამერიკელმა შუამავლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მას უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ამ საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია საკუთარ მომლაპარაკებელთა ჯგუფთან.

თუმცა, ზელენსკიმ მკაფიოდ განმარტა, რომ ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. მან ასევე ურჩია უიტკოფსა და კუშნერს, რომ არ ეცადონ აიძულონ ის, საკუთარ ხალხს „მიჰყიდოს“ მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც უკრაინელები „წარუმატებელ ისტორიად“ აღიქვამენ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სამართლიანი არ არის“, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა ვლადიმირ პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქებაზე“ არ გადის.

ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ განაცხადა, რომ დათმობებზე წასვლა ზელენსკის პასუხისმგებლობაა.

„ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, - განუცხადა ზელენსკიმ AXIOS-ს.

„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს. არასოდეს. ისინი არ მაპატიებენ... არც მე და არც [აშშ-ს]“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს „არ შეუძლიათ გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა.