ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მანამდე გაიმართება უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრები. იმედი მაქვს, საამიროებში ეს იციან, რადგანაც ხანდახან ამგვარი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე აშშ-ის მხრიდან. ვფიქრობ ეს კარგია, თუ ტაქტიკურ დონეზე სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ სამმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ვიპოვით რამეს. რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად კომპრომისებისთვის, მხოლოდ უკრაინა არა. ვნახოთ, რა იქნება შედეგი, ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი. ღმერთმა ქნას, ომი შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.