ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება, რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება, რაც არასდროს აღდგება: ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი, – ასე ეხმაურება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, ხიდზე მიტანილი იერიშის გამო ირანელები დანებებას არ აპირებენ.

„სამოქალაქო სტრუქტურების, მათ შორის დაუმთავრებელი ხიდების დაბომბვა ირანელებს დანებებას არ აიძულებს. ეს მხოლოდ არეულობაში მყოფი მტრის დამარცხებასა და მორალურ კოლაფსს აჩვენებს. ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება. რაც არასდროს აღდგება: ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია“,- წერს არაღჩი.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხიდზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა.

ქალაქ კარაჯში მომხდარ იერიშს ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული. მისი თქმით, აშშ-მა ირანის ყველაზე დიდი ხიდი გაანადგურა და თეირანმა შეთანხმება იქამდე უნდა დადოს, ვიდრე ამის დრო აქვს.