WSJ: აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და NATO-ს წევრობაზე უარის შესახებ

აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და ნატოს წევრობაზე უარის შესახებ

აშშ უკრაინისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს, მზად არის თუ არა ომის დასასრულებლად ყირიმი რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვას NATO-ს წევრობის განზრახვაზე.

გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა ინფორმაციით, კიევმა ვაშინგტონის წინადადებას პასუხი უნდა გასცეს ამ კვირაში, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა ოფიციალური პირები.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ვაშინგტონმა კიევს ეს წინადადება გასულ კვირაში წარუდგინა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. 17 აპრილს აშშ-ის წარმომადგენლები პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს.

მედიასაშუალებები ამ შეხვედრის შემდეგ წერდნენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას, აშშ კი მზად არის აღიაროს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი.

WSJ-ის ინფორმაციით, ლონდონში ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და კით კელოგმა.

The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, თუ ლონდონში შეხვედრის შედეგად ამერიკული, უკრაინული და ევროპული პოზიციების დაახლოება მოხერხდება, წინადადებები მოსკოვს გაეგზავნება.

გამოცემა ვაშინგტონის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ეხება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეშემო არსებული ტერიტორიისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებას და შეერთებული შტატებისთვის კონტროლის გადაცემას.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

The Wall Street Journal-ი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონის იდეები განსახილველი ვარიანტებია და არა საბოლოო წინადადებები.

20 აპრილს ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.

ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება" და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს", აშშ განზე გადგება.