ვითხოვ ოპოზიციისგან, ცალსახად დაგმეთ ძალადობის აქტები, ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ძალადობას გმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მელონი მშვიდობიან დემონსტრანტებს მადლობას უხდის.

„დიდ პატივს ვცემ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს მშვიდობიანად მართავდნენ აქციას. რა იდეებსაც არ უნდა იცავდეს ადამიანი, მონაწილეობა ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის საფუძველია“, – წერს მელონი სოციალურ ქსელში.

იტალიის პრემიერის თქმით, მისი ინფორმაციით, მილანში პოლიციას ქვები ესროლეს და პოლიციელები დაშავდნენ.

„ტურინში შეაჩერეს ხალხი, რომელთაც რიყის ქვები და ფანჯრების ჩასამსხვრევად განკუთვნილი ჩაქუჩები ეჭირათ. ბოლონიაში არეულობის გამო რკინიგზის სადგური დაიხურა“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, ჯორჯია მელონი ოპოზიციასაც მიმართავს და მოუწოდებს, დაგმონ ძალადობის აღნიშნული აქტები.

„კიდევ ერთხელ ვითხოვ ოპოზიციისგან: ნუ იქნებით ორაზროვანი ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალსახად დაგმეთ ძალადობის ეს აქტები და მკაფიოდ მოუწოდეთ, რომ ყველა მობილიზაცია მშვიდობიანი ხასიათის იყოს“, – აღნიშნავს ჯორჯია მელონი.

მელონის განცხადებით, მადლობას უხდის სამართალდამცველებს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იტალიის პრემიერის განმარტებით, პოლიციელებს კიდევ ერთხელ მოუწიათ იმ დამნაშავეების ძალადობასთან გამკლავება, რომლებიც აქციებს დაპირისპირებისა და ქაოსის გასაჩაღებლად იყენებენ.

ცნობისთვის, შეტაკებების დროს მილანში, სულ მცირე, ოთხი პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაშავდა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. დაკავებულთა ნახევარი არასრულწლოვანია.

✕