ვინ გახდება ახალი პაპი - CNN-ი სავარაუდო კანდიდატების სიას აქვეყნებს

CNN

რომის პაპს ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავენ. პაპთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვატიკანში უკვე დაწყებულია. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.

პაპი ფრანცისკენ გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად განიხილება, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას და ვინ გახდება მომავალი რომის პაპი. 

ცოტა ხნის წინ გამოცემა CNN-მა სავარაუდო კანდიდატების სია გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება:

  1. კარდინალი პიეტრო პაროლინი;
  2. კარდინალი მატეო ზუპი;
  3. კარდინალი ლუის ანტონიო ტეგლე;
  4. კარდინალი პაბლო ვირჯილიო სიონკო დავიდი;
  5. კარდინალი ჟერალდ სიპრიენ ლაკრუა;
  6. კარდინალი ფრიდოლინ ამბონგო;
  7. კარდინალი ჯოზეფ ტობინი;
  8. კარდინალი რობერტ პრევოსტი;
  9. კარდინალი ტარცისიუს ისაო კიკუჩი;
  10. კარდინალი მაიკლ ჩერნი;
  11. კარდინალი კრისტობალ ლოპეს რომერო;
  12. კარდინალი ჟან-კლოდ ჰოლერიხი;
  13. კარდინალი პიტერ ერდო;

როგორ ირჩევენ ახალ პაპს

პაპის დაკრძალვიდან 2-3 კვირის გასვლის შემდეგ, კარდინალთა საბჭო სიქსტეს კაპელაში იკრიბება და კონკლავს, ახალი პაპის არჩევის ზესაიდუმლო პროცესს იწყებს. თეორიულად, პაპობის უფლება ნებისმიერ კათოლიკურად მონათლულ კაცს აქვს, თუმცა უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში პაპებს ყოველთვის კარდინალთა საბჭოს წევრებიდან ირჩევენ. 

ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ. პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 80 წელს მიუღწეველ კარდინალებს შეუძლიათ. ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ არჩევნებში დაახლოებით 120 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.

თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა. 

"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.