ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამერიკელი სამხედროები ჩაერთნენ

ვენესუელა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აშშ-ის სამხედროები ჩაერთნენ.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვაშინგტონმა ქვეყანაში 900-ზე მეტი სამხედრო განათავსა, ხოლო კიდევ დაახლოებით 800 სამხედრო ოპერაციებს პუერტო-რიკოსა და კიურასაოში მდებარე ბაზებიდან უჭერს მხარს.

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ ფრენსის დონოვანის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ეხმარებიან აეროპორტის მუშაობის აღდგენას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კოორდინაციას უწყობენ ხელს. ასევე, მათ ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საჰაერო და საზღვაო რესურსები აამოქმედეს. გარდა ამისა, აშშ-მა ვენესუელის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, 4-5 ერთეული MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი განათავსა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას დანგრეული შენობებისა და გზების მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.

ცნობისთვის, გასულ კვირას ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა, თითქმის ერთწუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა. სტიქიამ ათასობით შენობა დაანგრია და მოსახლეობა ნანგრევებში მოიყოლა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 2000-ს უახლოვდება.