უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმებს ღაზაში 44 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზა

ისრაელის დარტყმას ღაზაში 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიაში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაზე მიიტანა იერიში, რა დროსაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ანკლავის სხვადასხვა ნაწილში ისრაელის დარტყმებმა კიდევ 34 ადამიანი იმსხვერპლა.

ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ისრაელის დარტყმამ შენობის ზედა ნაწილი დააზიანა.

როგორც „როიტერი“ წერს, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ჯამში 51 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.