ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ისგან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უახლესი დოკუმენტი მივიღეთ, მას ამჟამად ვაფასებთ

ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო აშშ-ის „უახლესი დოკუმენტი“ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ „ყველა ვარიანტი რჩება განხილვაში“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ-ევროპული ვაჭრობის მოლაპარაკებების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი დიალოგი შედგა, რის შემდეგაც მხარეები მუშაობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ 9 ივლისამდე გარიგების მისაღწევად.

„დღეს მივიღეთ ამერიკის უახლესი დოკუმენტი შემდგომი მოლაპარაკებებისთვის. ამ წუთას ვაფასებთ მას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა ამავდროულად ემზადება იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ დამაკმაყოფილებელი შეთანხმება არ მიიღწევა.

„ამავდროულად, ვემზადებით იმ შესაძლებლობისთვის, რომ დამაკმაყოფილებელი შეთანხმება არ მიიღწევა. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ საბალანსო ზომების სია და საჭიროების შემთხვევაში დავიცავთ ევროპულ ინტერესებს“, – აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.