1753301140
უკრაინული მედიის ცნობით, მარტა კოსმა უკრაინის ვიცე-პრემიერს შეახსენა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ეწინააღმდეგება ევროკავშირის გზაზე არსებულ ვალდებულებებს

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერს, ტარას კაჩკას უთხრა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.
მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი ამ კანონის მიღებას განიხილავს, როგორც უკუსვლას ევროკომისიის იმ შვიდი რეკომენდაციის შესრულებაში, რომლებიც უკრაინის კანდიდატის სტატუსის პირობა იყო.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, აქამდე მხოლოდ საქართველოს აკრიტიკებდნენ, როგორც კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანას, რომელმაც არ განახორციელა საჭირო რეფორმები, რის გამოც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ხოლო მარტა კოსმა ტარას კაჩკას შეხვედრისას მსგავსი შედეგები შეახსენა.
„ამ ნაბიჯს მძიმე შედეგები ექნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მთელი მოლაპარაკების პროცესზე. წევრი სახელმწიფოები უკვე გამოთქვამენ შენიშვნებს, რომ სწორი იქნებოდა, არ ეჩქარათ პირველი კლასტერის გახსნა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.